ჩვენს შესახებ

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

ის ჩამოჰყავს საქართველოში უნიკალური და ძვირად ღირებული ეგზოტიკური ფრინველები და სად შეგიძლიათ, ნახოთ შავი გედები და თეთრი ფარშავანგები თბილისის ერთ-ერთ უბანში, ქუჩაში მიმავალი ხალხი ხშირად ჩერდება და გაოცებულები იყურებიან აქეთ-იქით. ვერ ხვდებიან საიდან ისმის უცნაური ხმები. არადა, რას წარმოიდგენენ, რომ სულ რაღაც მეტრ-ნახევარი ღობის იქით, საკუთარ ეზოში, ალბერტ მანელოვს, ნამდვილი ეგზოტიკა აქვს გაშენებული. მის ცოცხალ კოლექციაში ათეულობით ძვირად ღირებული ფარშავანგი, ხოხობი, მტრედი, გედი, ქათამი, ბატი, იხვი და თითქმის ყველა სხვა სახეობის უნიკალური და ულამაზესი ფრინველი შედის. ასე რომ, მის სახლში მისულს, ეზოში ფეხის შედგმისთანავე ნამდვილი სასწაული დაგხვდებათ. ალბერტ მანელოვი: ბავშვობიდან მიყვარდა ფრინველები. მახსოვს, ჩემმა ძმებმა სოფლიდან ჩვეულებრივი მტრედები ჩამოიყვანეს, მათ ვუვლიდით. მერე, ნელ-ნელა დეკორატიული და იშვიათი ჯიშის მტრედებიც მოვაშენეთ. ადამიანის ბუნება ხომ იცით? მერე, მოთხოვნილებაც გაიზარდა და დღეს ჩემს ცოცხალ კოლექციაში საკმაოდ ძვირად ღირებული, ეგზოტიკური და უცხო სახეობის ფრინველები მყავს. ასე რომ, მტრედებით დავიწყე, მერე უცნაური სახეობის ხოხბები მოვამრავლე, მერე იხვები, მერე ქათმები, მერე ფარშავანგები, გედები და ასე შემდეგ. ჩემი ძმები დღეს საბერძნეთში ცხოვრობენ და ძირითადად, იქიდან შემომყავს ფრინველები. თუკი რაიმე უცხო და ეგზოტიკური ფრინველია ევროპაში, ყველა სახეობა მყავს ეზოში – 20 ინდური ფარშავანგი, მაგრამ მათ შორის არის შავფრთიანიც – იშვიათი, უნიკალური სახეობის ფარშავანგი ნიდერლანდებიდან. საქართველოში პირველად მე შემოვიყვანე შავფრთიანი ფარშავანგი. საკმაოდ ძვირი ღირს და უკვე ორი ცალი გავყიდე კიდეც. როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილსაც ჰყავს საჩხერეში ასეთი ჯიშის ფარშავანგები. ბიძინას ძალიან უყვარს ფრინველები. ადრე, ცხონებული ბადრი პატარკაციშვილიც იყო ჩემთან, დაათვალიერა ჩემი ფრინველები, რამდენიმე ფარშავანგი, ხოხობი და კიდევ სხვადასხვა ფრთოსანი შეიძინა. ფული არ დანანებია. ასევე, მყავს თეთრი ფარშავანგები. ასეთი ფერის ფარშავანგი ბუნებაში არ არსებობს და ის ხელოვნურად არის გამოყვანილი. ეს სახეობა ქართველ ოლიგარქებს განსაკუთრებით მოსწონთ. არსებობს ალბინოსი ფარშავანგიც, მაგრამ მისი წიწილა ფერადი იზრდება. ჩემი თეთრი წყვილი ფარშავანგი კი, რომ მრავლდება, მაინც თეთრ შთამომავლობას იძლევა. ქართველი ოლიგარქების „მოურავები“, ჩემგან რომ შეიძინეს ფრინველები, ხშირად მირეკავენ და მეკითხებიან რჩევას. მათთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. უცნაურ კითხვებს მისვამენ, მაგალითად, მეკითხებიან, კვერცხი დადო და სად წავიღო – მაცივარში შევინახო, როგორ დავსვა მასზე, რა ვაჭამო და ასე შემდეგ. – ეს ხელოვნურად შექმნილი თეთრი ფარშავანგი თქვენთან საიდან მოხვდა? – თეთრი ფარშავანგი, დედოფალივით ლამაზია. ჩემთან ის ევროპიდან მოხვდა. ვიცოდი, რომ ასეთი ფერის ფარშავანგიც არსებობდა და ძალიან მინდოდა, მყოლოდა. ეს ოცნებაც ავიხდინე და დღეს დედოფალივით ლამაზი თეთრი ფარშავანგი ჩემი ეზოს მშვენებაა. ის რომ ლამაზ თეთრ კუდს გაშლის, რა სანახაობა შეედრება მის ხილვას. საერთოდ, როცა ცოცხალი კოლექცია გყავს კაცს, სულ სიახლის ძიებაში ხარ. გინდა, ახალ-ახალი ფრთოსანი შეჰმატო მას. ფარშავანგი 25 წელი ცოცხლობს. ზრდასრული სამი წლის ასაკშია, მანამდე კუდი არ ეზრდება და დედალი კვერცხს არ დებს. ანუ, სამ წლამდე ფარშავანგი ინდაურს ჰგავს ვიზუალურად და ერთ წლამდე მისი გაზრდა ძალიან რთულია. – ასეთი ცოცხალი კოლექციის ყოლა, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, არ მეთანხმებით? – გეთანხმებით, არსებობს ფარშავანგთა სახეობები, 100 000 დოლარად და მილიონადაც კი არის შეფასებული, ასეთი ძვირად ღირებული ფრინველი მე ნამდვილად არ მყავს (იცინის). მაგალითად, შავფრთიანი ფარშავანგი ხუთი ათასი დოლარი ღირს, ჩვეულებრივი კი – 2 500 დოლარი. ექსპერიმენტი ჩავატარე და შავფრთიანი და ჩვეულებრივი ფარშავანგები შევაჯვარე. გამოვიდა თეთრნარევი, მწვანე ფერებში გადაწყვეტილი, ულამაზესი ფარშავანგი. ის გავყიდე და ახლა ახალ ექსპერიმენტს ვატარებ. კერძოდ, ჭრელი ფარშავანგის დაბადებას ველოდები. ჩემთან ხშირად დადიან ამ ფრინველების სანახავად და დიდი ინტერესითა და სიყვარულით ათვალიერებენ მათ. დარწმუნებული ვარ, ყველას ეზოს და აგარაკს დაამშვენებს ასეთი ფრინველები. თან წარმოიდგინეთ, დილით კუდს რომ გაშლიან და თავისი უცნაური ხმით მოგესალმებიან... ერთხელ, ხელოსნები მყავდა და ვოლიერის კარი დარჩათ ღია. ფარშავანგი დაფრთხა და გამოფრინდა. საერთოდ, თუ ფარშავანგი ტყვეობაშია გაზრდილი და პატრონს და გარემოს შეჩვეულია, ის შორს არ წავა. ასეთი წესით გაზრდილს, არც ადამიანის შიში აქვს. სხვათა შორის, ვინც ჩემგან შეიძინა ეს ფრინველი, ყველას ვურჩიე, სანამ ახალ ტერიტორიას შეეჩვევა, ფრთები გაუკრიჭეთ-მეთქი. ამით ის ვიზუალურად არ მახინჯდება და ვერც ღობეს გადააფრინდება. მოკლედ, ჩემი ფარშავანგი დაფრთხა, გამოფრინდა და გაფრინდა უაზროდ. დიდ მანძილზე ვერ დაფრინავენ ფარშავანგები და მივხვდი, სახლთან ახლოს იქნებოდა ხეზე დამჯდარი. გავედი და, მართლაც, ვხედავ, ქართულ ნაძვზე არ ზის ეს ჩემი ინდური ფრინველი? (იცინის) ავედი, დავიჭირე, არც წინააღმდეგობა გაუწევია და წამოვიყვანე სახლში. მეზობლებიც შეეჩვივნენ, ამათ გამყინავ ხმას და პრეტენზიას არ გამოთქვამენ. – როგორც ვიცი, ფარშავანგები მცოცავებსა და მღრღნელებს ანადგურებენ და თან ერთგვარი კარ-მიდამოს დამცველებიც არიან არასასიამოვნო სტუმრებისგან, ასეა? – დიახ, ფარშავანგი ერთგვარი ცოცხალი „სიგნალიზაცია“ და დაცვაა. მანქანის, ძაღლის, ადამიანის ხმაზე რეაქცია არ აქვს, მაგრამ საკმარისია, ვინმემ ქურდულად სცადოს ეზოში შემოსვლა, რომ ის გაბმულ ყივილს იწყებს. ყივილსაც გააჩნია. ღამით, რომ მძინავს და აყვირდება, დავაკვირდები, როგორ ხმაზე ყვირის და ვიცი, რაზეც აქვს რეაქცია. ანუ, ყური ისე მაქვს მიჩვეული, ვხვდები, უნდა მივაქციო თუ არა ყურადღება მის ძახილს. ადრე, ბევრჯერ მომპარეს მტრედები და ახლა, რაც ფარშავანგები მყავს, დავისვენე ქურდებისგან. ვხუმრობ ხოლმე, მე ისეთი პირადი დაცვა მყავს, ვინ გაბედავს ჩემს შეწუხებას-მეთქი (იცინის). მისი ყოლა ძალიან კარგია აგარაკზე, რადგან ფარშავანგი მცოცავის დაუძინებელი მტერია. აგრესიული ხდება, თუ ხედავს ხვლიკს, გველს, ობობას, თაგვს, ვირთხას... გარბის, უნისკარტებს და სანამ არ მოკლავს, არ ეშვება. ერთი სიტყვით, ტერიტორიას ასუფთავებს მსგავსი არასასურველი არსებებისგან. ბევრი ფარშავანგს აგარაკის გასალამაზებლად ყიდულობს და რომ ვუხსნი, მის შესაძლებლობებს, უკვირთ. მერე ხვდებიან, როგორი დაცვა შეიძინეს და არც მასში გადახდილი, საკმაოდ სოლიდური თანხა ენანებათ. – სიმართლე გითხრათ, შავი გედი პირველად ვნახე. თუ საიდუმლო არ არის, რა ფასად შეიძინეთ ისინი უცხოეთში? – მართალია, ბევრს არც კი გაუგია, რომ თეთრის გარდა, არსებობს შავი გედიც. შავი გედი ძალიან იშვიათია ბუნებაში, მას მუქი სტაფილოსფერი ნისკარტი აქვს და ის საკმაოდ ძვირი ღირს. ეს ფრინველი ბუდობს ავსტრალიაში, მისი გამრავლება რთულია და ზრდასრული ოთხი წლის ასაკიდან ხდება. თან შავი გედის სქესის გარჩევა ძალიან რთულია. ჩემი გედები ჯერ ორი წლისანი არიან და მგონი, თუ ჩემი გამოცდილი თვალი არ მატყუებს, დედალ-მამალი უნდა იყოს. ევროპიდან ჩამოვიყვანე და 5 000 ევრო ღირს. ერთი წელია ჩემს ეზოში ცხოვრობენ და თავს შესანიშნავად გრძნობენ. რაც წლები მოემატებათ, შესაბამისად, მათი ფასიც გაიზრდება. ღმერთის წყალობით, ჯერ ამათ გავზრდი, მერე გავამრავლებ და თუ მსურველი იქნება, გავყიდი კიდეც. ასეთი სახეობის გედის ყოლა, მერწმუნეთ, ნამდვილი სასწაულია. – რამდენი სახეობის ხოხობი და მწყერი გყავთ? როგორც ვიცი, მწყრის კვერცხი ბევრი დაავადების დროს სამკურნალოდაც კი გამოიყენება და უცხოეთის ბევრ ქვეყანაში ის ყოველდღიური მენიუს განუყოფელი პროდუქტია. – ამ ეტაპზე შვიდი სახეობის უნიკალური ფერის ხოხობი მყავს. ქართული ხოხობი ჩემთვის ყველაზე საყვარელია, ხოლო ყველაზე პრესტიჟული, ამოუცნობი და ლამაზი სიამისაა. ქართული, ზრდასრული წყვილი ხოხბის ფასი 500 ლარია, ხოლო სიამის კი – 2 ათასი დოლარი. ჩემი ქათმები დებენ კვერცხს, რომელსაც მწყრის კვერცხის შემადგენლობა აქვს და შეფერილობით ცისფერი, მწვანე და ვარდისფერია. ევროპაში ასეთი კვერცხი სიახლეა, დელიკატესია და ძალიან ძვირი ღირს. ეს ხელოვნურად შექმნილი კვერცხისმდებელი ქათმებია. საბერძნეთიდან გამომიგზავნეს, მეცნიერების მიერ შექმნილი კვერცხი, გამოვაჩეკინე ქათამს და ახლა ასეთი, „წამლისმდებელი“ ქათმებიც მყავს. მწყრის კვერცხი, დაახლოებით, 50-მდე დაავადებას კურნავს და მათი პროფილაქტიკისთვის ძალიან სასარგებლოა. იაპონელი მოზარდის რაციონში აუცილებლად შედის დღეში ორი-სამი ცალი მწყრის კვერცხი. იაპონური მწყერი ამის გამო ძალიან ძვირი ღირს. მათი კვერცხი კალორიულია, მარგებელი, სამკურნალო და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ არ შეიცავს ქოლესტერინს, დიეტურია და კარგია გულით დაავადებული ადამიანებისთვის. "ამერიკულ ბირთვულ ბაზებს ბატები იცავენ, ფარშევანგი კი სიგნალიზაციის ფუნქციას ასრულებს": ამბობს კაცი, რომელსაც ეგზოტიკური ფრინველების ფერმა აქვს. ვარკეთილის მეტროს შემოგარენი თბილისის ერთ-ერთი ეგზოტიკური ადგილია. ვის როგორ და, ევროპელებს რიგ აზიურ ქალაქებში სწორედ ასე, ერთმანეთზე მიყოლებული სავაჭრო დახლები, ხალხმრავლობა, ხმაური, სუნი და უსუფთაობა ხიბლავთ ან აკვირვებთ და ეგზოტიკურადაც ეჩვენებათ. თუმცა, ვარკეთილში არის ნამდვილი ეგზოტიკაც და დაკვირვებულმა ყურმა ასეთი ადგილისათვის დამახასიათებელ მრავალხმოვანებაში შეიძლება ისეთი უცნაური და მოულოდნელი ხმაც გაიგონოს, თანამედროვე ქართულ ესტრადაშიც რომ ჯერ კიდევ იშვიათობაა. ეს ფარშევანგის ხმაა. ფარშევანგები ჯავახეთის 28-ში ცხოვრობენ და მრავლადაც - ასე, ოთხმოცამდე. მათ შორის უიშვიათესი თეთრი ფარშევანგიცაა. აქვეა რვა სხვადასხვა სახეობის ხოხბები: მონღოლური, რუმინული, "სრულყოფილი", ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ალმასის, ყვითელი ოქროსფერი და ნეპალის; დეკორატიული ქათმები და მტრედები. ეს ყველაფერი ალბერტ მანელოვის კოლექციაა, რომელსაც ისტორიაც საინტერესო აქვს. მრავალი იშვიათი ფრინველის გვერდით წარსულში ყორანსაც კი ჰქონია ბინა. ყორნები და ქათმები ერთ გალიაში ალბერტ მანელოვი: სხვათა შორის, ყორანი ერთ-ერთი საინტერესო და ძნელად მოსახელთებელი ფრინველია. ბუდეებს ისეთ ადგილებში იკეთებს, ალპინისტი თუ მიუდგება. ამავე დროს, ძალიან ჭკვიანი ფრინველია და არსებობს აზრი თუ მითი, რომ კიდეც ლაპარაკობს. ისე არა, როგორც თუთიყუში, მაგრამ რაღაც ბგერებს გამოთქვამს. - თქვენმა ყორნებმა ეს მითი გაამართლეს? - არა, ლაპარაკი ვერ ისწავლეს. ამისათვის, ალბათ, ცალკე უნდა მყოლოდა, ოთახში, ადამიანების გარემოცვაში. დიდ ვოლიერში მყავდა ქათმებთან ერთად შეშვებული, დაიწყეს ჩხუბი, ქათმებს კვერცხებს ჰპარავდნენ. ბუდეში კვერცხის დასადებად რომ შევიდოდა ქათამი, ბუდესთან დარაჯობდნენ. მერე უკვე ქათამი დარაჯობდა კვერცხებს და ჩხუბობდნენ. ყორანი, ცხადია, ქათმებს სჯობნიდა. შევიდოდა, იმხელა კვერცხს ნისკართით აიღებდა, სადმე მაღალ ადგილს შეარჩევდა, ცალ ფეხზე იდგა, მეორეთი კვერცხი ეჭირა, ადამიანს რომ ჭიქა უჭირავს და ისე ფაქიზად, რომ არ შემოტყდომოდა, პატარა ნახვრეტს უკეთებდა, მიირთმევდა და მერე ნაჭუჭს გადააგდებდა. საინტერესო იყო ეს ყველაფერი და გასართობიც. ყორანი თავისებურად ლამაზიც არის, დიდი ზომისაა, შავი და როცა კარგი კვება აქვს, ბუმბული უბზინავს. თუთიყუში მერსედესში გადაცვალეს ყველაზე საინტერესო ჩემთვის მაინც იყო და არის თუთიყუში. თუთიყუში - ეს ინდივიდუმია. ყველა თუთიყუშს აქვს თავისი ხასიათი, ლაპარაკობს, გეფერება; შეგიძლია მხარზე დაისვა და ნისკარტით ძალიან ნაზად გეალერსება. კონტაქტში შემოდის, მგრძნობიარეა, ერთ ადამიანს ვერ იტანს, მეორე - უყვარს. მყავდა "ჟაკო", მთელი დღე იჯდა თუთის ხეზე და საღამოთი მხოლოდ ჩემი ძმის დაძახებაზე ჩამოდიოდა. ძალიან იყვნენ შეჩვეულები, ხანდახან შხაპსაც ერთად იღებდნენ. მე კი დასანახავად ვერ მიტანდა. ადამიანივით იყო. სამწუხაროდ, ახლა თუთიყუშები აღარ მყავს. დრომ მოიტანა, მიჭირდა ამ ყველაფრის შენახვა, საქართველოდან წასვლაც მიწევდა და იძულებული გავხდი, საკმაოდ იაფად გამეყიდა. შავი კაკადუ გავყიდე, საბჭოთა კავშირში სულ შვიდი იყო ასეთი. მოსკოვში იყო ხალხი, თუთიყუშებით ვინც ვაჭრობდა და როგორღაც საზღვარგარეთაც გადაჰყავდათ. წაიყვანეს გერმანიაში და როგორც მერე გავიგე, ახალ მერსედერსში გადაცვალეს. როგორ მოვაშენოთ ფარშევანგები ყველაფერი დაიწყო მტრედებიდან. ჩემმა ძმამ სოფლიდან ორი უბრალო მტრედი ჩამოიყვანა. მერე უკეთესი მტრედები. მერე ქათმები, ციცარი, იხვი. მერე რუსეთში ფარშევანგები შევიძინეთ და ჩამოვიყვანეთ. ფარშევანგებს მიჰყვა ხოხბები, იშვიათი ჯიშის იხვები... უნიკალური კოლექცია შეიქმნა. თვრამეტი იშვიათი ჯიშის ქათამი მყავდა, რამდენიმე იშვიათი ჯიშის ხოხობი, იხვები - მანდარინკები, "სამეფო", "პეგანკები", "ოგარები", "კანადის კაზარკები", ბატები - ჩინური ჯიშის გერგული და ე. წ. ხალმაგორი. ხალმაგორი ლამაზი და ძალიან დიდი ზომის ბატია, თხუთმეტ კილოზე მეტს აღწევს. მსურდა, გედი მყოლოდა, მაგრამ ფართი არ მაძლევდა საშუალებას. - რა პირობების შექმნაა საჭირო, რომ თბილისში კაცმა ასეთი ფრინველები იყოლიოს? - უპირველეს ყოვლისა, უნდა აშენდეს ვოლიერი. ხოხბისთვის ეს აუცილებელია. ერთი წყვილი ხოხბისთვის - ორი მეტრი ორ მეტრზე, ეს მინიმუმია. სიმაღლე - რაც მეტი ექნება, უკეთესია, მაგრამ არანაკლებ ორი მეტრისა. ამ ფართზე შეიძლება ვიყოლიოთ ერთი მამალი და ორი დედალი. ფარშევანგს, რა თქმა უნდა, მეტი ფართი სჭირდება. თუმცა ვოლიერი არც არის აუცილებელი. შეიძლება ეზოშიც გავუშვათ. წელიწადში ერთხელ უნდა გაიკრიჭოს ცალი ფრთა. ვიზუალურად არაფერი შეემჩნევა. ზრდასრული ფარშევანგის თუ ხოხბის კვება რთული არ არის, იკვებებიან ძირითადად მარცვლით (სასურველია, ხორბალი, სიმინდი და ქერი გადაერიოს), ბალახით და ბოსტნეულის ნარჩენებით. ძალიან კარგია ჭინჭარი, ყურძენს ჭამენ სიამოვნებით. რაც შეეხება ფარშევანგის წიწილას, ძალიან ფაქიზია და გასაზრდელად ძალიან რთული. მოგეხსენებათ, ველური ფრინველი ბუნებაში ძალიან მალე იზრდება. მტაცებელმა რომ ვერ დაიჭიროს, მალე ეზრდება ბუმბული, ფრთები და ზრდის ამ ინტენსიურ პროცესში თუ პატარა რაღაცა დააკლდა, კვდება. ბუნებაში ან კალიას დაიჭერს, ან ობობას, უამრავი ბალახია, ხოხბის ბარტყს ჭიანჭველის კვერცხი სჭირდება. სახლის პირობებში ასეთი დელიკატესები შეუძლებელია. ვაჭმევ ხორცს, თევზს, ხაჭოს, მაწონს, ბოსტნეულს. სხვათა შორის, ზრდასრული ფარშევანგი უფრო ცოტას ჭამს, ვიდრე ქათამი. მყავს ოთხმოცამდე ფარშევანგი. ერთი წყვილი სუფთა თეთრი ფერის ფარშევანგია და ძალიან დიდი იშვიათობაა. მყავს ამ თეთრისა და ჩვეულებრივის ნაჯვარი, ე. წ. ჭრელი ფარშევანგი. ესეც თავისებური იშვიათობაა. თეთრი ფარშევანგები შემოვიყვანე ბალტიისპირეთიდან, შევურიე ჩვეულებრივს, მათი შთამომავლობა ისევ თეთრთან შეჯვარდება და შემდგომ გადარჩევის გზით ისევ თეთრს მივიღებ. სისხლის არევა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, წიწილა სუსტი იბადება და უმეტესად კვდება. ასეთი შერევის შედეგად ხშირად გამოდის ფერთა საინტერესო და იშვიათი შეხამებებიც. - ფარშევანგს თუ აქვს თავისი ბუნება და რა თვისებების გამოყოფა შეიძლება? - ძალიან მგრძნობიარეები არიან ნებისმიერ ხმაურზე, მაშინვე რეაგირებენ, ყვირიან და სიგნალიზაციის ფუნქციას ასრულებენ. ძირითადად ყვირის მამალი. ასეთი თვისებების გამო გარეული ფრინველის გამოყენების პრაქტიკაც არსებობს. ცნობილი ფაქტია, რომ ამერიკულ ბირთვულ ბაზებს ბატები იცავენ. ბატიც ასეთივე ფრთხილია, ასეთივე მაღალი ხმა აქვს და რეაგირებს ნებისმიერ ხმაურზე. ფარშევანგის დაჭერა ძალიან რთულია - ყვირის, დარბის, დაფრინავს... ამდენად, მოპარვა თითქმის გამორიცხულია. საინტერესოა იმითაც, რომ ერჩის ვირთხას, ხვლიკს, ქვეწარმავლებს. რომც არ დაიჭიროს და არ მოკლას, თვითონ ქვეწარმავლები უფრთხიან და ახლო, არ ეკარებიან. ხშირად ციცარზე იძახიან, გველს ემტერებაო. ქვეწარმავლების მიმართ ფარშევანგი გაცილებით უფრო აგრესიულია. ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ვთქვათ, ბავშვს რომ მივარდეს და ჩაუნისკარტოს, ასეთი რამ გამორიცხულია. უბრალოდ, ინდაურივით დაიბღვირება ხოლმე. კოლხური ხოხობი ბევრი სახეობის ხოხბის წინაპარია ხოხბების მიმართ უფროა ინტერესი. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ რესტორნები და სურთ, რესტორანთან მოაწყონ მინი-ფერმა. აქ ხოხბებს გაზრდიან და კლიენტს შესთავაზებენ. რამდენადაც ვიცი, ხოხობი მენიუში არ იქნება, ეყოლებათ ცოცხლად და თუ კლიენტი მოითხოვს, დაუკლავენ. შესაძლებელია, ქართულ რესტორნებში ძალიან მალე გამოჩნდეს ასეთი დელიკატესი. თბილისის ლეგენდასაც თუ გავიხსენებთ, რაღაც ეგზოტიკურ ნიუანსად იქცევა და მეც სიამოვნებით შევუწყობ ხელს ამ ტრადიციის დამკვიდრებას. - თქვენს კოლექციაში კოლხური ხოხობი არ არის. რატომ? - კოლხური ხოხობი გალიის პირობებში რთული გასამრავლებელია, უნდა ძალიან დიდი ფართი, უფრო ფაქიზი მოვლა. ძალიან ბევრი სახეობაა, რომელიც კოლხური ხოხბის ოჯახს ეკუთვნის. ბევრი ჯიში ხელოვნურადაა გამოყვანილი. თვითონ სიტყვა "ფაზან" - ხოხობი, მოდის სიტყვიდან "ფაზისი" და ამიტომ, ქართული ხოხობი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სახეობად შეიძლება მივიჩნიოთ. - უნიკალურ ჯიშებად რომელი ითვლება? - "ვერცხლისფერი" და "ოქროსფერი" იშვიათ ჯიშებად ითვლება. თუმცა ოქროსფერი ხოხობი ჩვენში საკმაოდ პოპულარულია და ბევრს ჰყავს, ძალიან ლამაზია და კარგად მრავლდება. მყავს აგრეთვე სხვა სამი ჯიშის ხოხობი, მართლა ძალიან იშვიათია. ესენია "ალმასის", რომლის სამშობლოც ჩინეთია; "ნეპალის", რომელიც ჩემს კოლექციაში ყველაზე უნიკალურია. ჩემი ინფორმაციით, ეს ჯიშები საქართველოში ჯერ არავის ჰყავს. - რა პერსპექტივა აქვს მსგავს კოლექციებს საქართველოში? - ბაღის დიზაინს საზღვარგარეთ დიდი ყურადღება ექცევა და მრავალმხრივი ასპექტითაა წარმოდგენილი. ჩვენშიც, ალბათ, დამკვიდრდება. ქართველი კაცი სახლის მოსაწყობად არაფერს იშურებს. ვისაც როგორ შეუძლია, ცხადია. არიან შეძლებულებიც, რომლებიც მშვენიერ სახლებს იშენებენ თბილისში თუ თბილისის მახლობლად, აქვთ მშვენიერი ეზოები - პალმებითა და ვარდებით და წარმოიდგინეთ, რამდენად ლამაზი იქნება ისეთი დეტალის შემოტანა, როგორიცაა ფარშევანგი - ბაღში და ხოხბის ვოლიერები. ბაღის დიზაინი ჩვენთან ახლა უფრო მკვიდრდება, მაგრამ უფრო დიდი და ცოცხალი ესთეტიკა რომ მივიღოთ, ეს დონე ჯერ არ არის. აუზებს აკეთებენ, მაგრამ აუზში გედებმა რომ იცურონ, ეს ჯერ არ სურთ. - უცხოეთში თუ გაქვთ ურთიერთობა ანალოგიური კოლექციებით დაინტერესებულ ხალხთან? - ძირითადად ყოფილ საბჭოურ ქვეყნებში... ჩავდივართ, ვძმაკაცობთ... არის ძალიან საინტერესო კოლექციები, საოცარი ჯიშები. მარტო დეკორატიული ფრინველებიც არა, არსებობს იშვიათი ჯიშის კურდღლები - ჩვენებური ცხვრის ზომის რომ იზრდება და ცხვრები, სიდიდით ვირს რომ არ ჩამოუვარდებიან. ბულგარეთში გამოფენაზე ამ მაგიდისხელა კურდღლები ვნახე.

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

მეგობარი საიტები

ჩვენი გამოკითხვა

შეფასება
სულ პასუხი: 44

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0